უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი გერმანიას უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას სთხოვს.
"თუ უკრაინაში აღარ იქნება ელექტროენერგია, გათბობა, წყალი, ამან შეიძლება ახალი მიგრაციული ცუნამი გამოიწვიოს," - თქვა უკრაინის პრემიერმა.
შმიგალის თქმით, რუსეთს სურს უკრაინა ჰუმანიტარულ კატასტროფაში ჩააგდოს მის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით. ამასთან, უკრაინის პრემიერი აღნიშნავს, რომ უკრაინა გერმანიისგან უმოკლეს ვადაში ელოდება საბრძოლო მასალებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.
"უკრაინა მოუთმენლად ელოდება ახალ საბრძოლო მასალას, რომელიც ახლავე საჭიროა. ეს ფაქტიურად დღეების საკითხია," - განაცხადა შმიგალმა.
დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ყირიმის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმები მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებზე განახორციელეს, მათ შორის, კიროვოგრადის რეგიონში კროპივნიცკსა და გოლოვანევსკში, მტერმა ასევე დაარტყა ენერგეტიკულ ობიექტს ოდესის რეგიონში, ქალაქ როვნოში.