logo
ENG



შოთა რეხვიაშვილი: მარნეულში სწრაფი ტესტირება ტარდება, რიგები და მომართვიანობა ჩვეულ რეჟიმშია

26 მარ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულში მოსახლეობის სწრაფ ტესტზე შემოწმება უკვე დაიწყეს. ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. სწრაფი ტესტი პირველ რიგში იმ ადამიანებს უტარდებათ, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ. გუბერნატორის თქმით, ჩატარებული ტესტებიდან არცერთ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისივე განცხადებით, პირბადეების დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა აღმოფხვრილია და ორივე საკარანტინო რეგიონში მარნეულშიც და ბოლნისშიც მოსახლეობას პირბადეებზე წვდომა აქვს.

„სწრაფ ტესტირებებზე, საველე ჰოსპიტალიდან აღებული ნაცხები მიდის და ნაცვლად 6-7 საათისა საათნახევარში გვექნება პასუხები, რაც აადვილებს საქმიანობას. რიგები არ არის, მომართვიანობა ჩვეულ რეჟიმშია და არაფერი დადასტურებული კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლე არ გვაქვს. მარნეულში 15 000 ადამიანი შემოწმდა, მხოლოდ 4 ჰქონდა ტემპერატურა, სიმპტომატიკა არავითარი არ იყო და გამორიცხული იყო კორონასთან კავშირი. 3400 ადამიანი შემოწმდა ბოლნისში და იქაც არანაირი გართულება არ ყოფილა. დისტრიბუციასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩართულია და ვლაგდებით, რომ პროდუქტის მომარაგების შეფერხება არ იყოს. ყველა მუნიციპალიტეტში პროდუქტი, საწვავი და მედიკამენტი არის“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მარნეულის შესასვლელთან ვითარება უცვლელია. გამშვები პუნქტები დაკეტილია, ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ ექიმებს, სადისტრიბუციო ავტომობილის წარმომადგენლებს და სატრანზიტო ავტომობილებს აქვთ.​ ქალაქის შესასვლელში დეზინფექციის ჩატარებას და ტერიტორიაზე შესვლას რამდენიმე ავტომობილი ელოდება. რეგიონის რწმუნებულის თქმით, მარნეულის ტერიტორიაზე სწრაფი ტესტების გამოყენება უკვე დაწყებულია.

 


close დახურვა