logo
ENG



შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს იყო და არის ალბათ, უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

17 თებ 202018:41
3 წუთის საკითხავი
 
dlsmr0kif2uonry.jpg

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენზე ისაუბრა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, 48 მილიონი ლარიდან, რომლის გაფლანგვასაც გამოძიება უგულავას ედავებოდა, 16 მილიონი სპეციალურად შექმნილ პლასტიკურ ბარათებზე დაირიცხა, დარჩენილი თანხა კი, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გაანაღდეს და პარტიული მიზნებისთვის გამოიყენეს.

„16 მილიონიც და დარჩენილი თანხაც მოხმარდა პარტიულ მიზნებს და ის ფაქტი, რომ ვიღაცებზე დამზადდა პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაირიცხა ეს თანხა, უბრალოდ იყო ამ გაფლანგვის ჩადენის ხერხი. დანარჩენი თანხა გამოტანილი იქნა ბანკიდან მაღალი თანამდებობის პირების მიერ, „ლიბერთი ბანკიდან“ და დაიხარჯა პარტიული მიზნებისათვის. შესაბამისად, ეს იყო და არის ალბათ უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში რაც ყოფილა და რაზეც დღესდღეობით განაჩენია დამდგარი. ასევე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ყოფილი მერის მიერ ჩადენილი სხვა კორუფციული ფაქტები, რაზეც ასევეა დადგენილი განაჩენი. შემიძლია გაგახსენოთ „თბილსერვისის“ საქმე, სადაც მსგავსი მეთოდით მოხდა 5 მილიონამდე ლარის გამოყენება პარტიული მიზნებისთვის. ასევე მინდა გაგახსენოთ „სითი პარკის“ საქმე, რომელზეც ჯერჯერობით განაჩენი არ დამდგარა. აქაც მერიის მიერ შესაბამისი დარღვევებით ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ჩარიცხვა „სითი პარკისთვის“. აქ საუბარია 2 მილიონამდე ლარზე“, - განაცხადა შოთაძემ.

გენპროკურორობის კანდიდატმა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზებზეც ისაუბრა, და განაცხადა, რომ მერიას შეუძლია არაკეთილსინდისიერი მოხელეების მიმართ სამოქალაქო წესით იდავოს.

„რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, ამისთვის შესაბამისი სამართლებრივი გზა არსებობს, რაც ვფიქრობ, რომ უნდა განხორციელდეს. იმ უწყებას, ვისაც შესაბამისად დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი უფლება აქვს, სამოქალაქო წესით იდავოს იმ არაკეთილსინდისიერი მოხელეების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს თანხების არამიზნობრივი გახარჯვა და სამოქალაქო წესით, რეგრესის გზით მოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო. 


close დახურვა