logo
ENG



შოთაძის დაბრუნება კიდევ უფრო დაბლა დაწევს ისედაც დეფიციტურ ნდობას უწყების მიმართ - NGO-ები

07 თებ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

საპროკურორო საბჭო დღეს გენერალური პროკურორობის 4 დარჩენილი კანდიდატიდან ერთს შეარჩევს.

საბჭოში კანდიდატებს კენჭს 14:00 საათზე უყრიან. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ პროცედურა ფორმალურია და შოთაძის არჩევა თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. გარდა ამისა, მათ შოთაძის კეთილსინდისიერებასთან კითხვები აქვთ. 

"ირაკლი შოთაძის დაბრუნება პროკურატურაში კიდევ უფრო დაბლა დაწევს ისედაც დეფიციტურ ნდობას საზოგადოების პროკურატურის მიმართ. შოთაძის მმართველობის პერიოდში გვახსოვს, რომ იყო ბევრი პრობლემური საქმე, სადაც მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ პროკურატურა იყო არაქმედითი. იმედს ამყარებენ ისეთ კადრებზე, რომლებიც არიან გამოცდილები“, - აღნიშნა EMC-ის წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ.

მის აზრს იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი თამარ ხიდაშელი. ხიდაშელი ამბობს, რომ შოთაძის პარლამეტში წარდგენა უკვე გადაწყვეტილი ამბავია. 

"შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, რომ ბატონი შოთაძე იქნება არჩეული საპროკურორო საბჭოს მიერ და ასევე არც პარლამენტში ველოდებით რამე განსაკუთრებულს. ხელისუფლებას სჭირდებოდა ძალიან სანდო კადრი და ექსპერიმენტების დროს არ ჰქონდა. შესაბამისად დააბრუნა ის კადრი, რომელიც მათ მიერ გამოცდილია, როგორც დავალებების შემსრულებელი. შოთაძის არჩევა იქნება უარი დამოუკიდებელი სასამართლოს იდეაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში. პროკურატურას აქვს დაბალი ნდობა და არ მგონია, რომ ეს ნდობა გაიზრდება", - განაცხადა ხიდაშელმა. 

აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრაზე დარჩენილ 4 კანდიდატს შორის ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიიღო. საბოლოო კანდიდატის გამოვლენის შემდეგ საბჭომ ის დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა გაუგზავნოს.

 

 


close დახურვა