logo
ENG



შოთაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიება გრძელდება

24 ოქტ 202313:27
3 წუთის საკითხავი
 

გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ 2019 წელს პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მას კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.

"ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია. პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმპიჩმენტის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ან სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენა. გამოძიება გრძელდება, ეს დაწყებულია რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ცნობილ გარემოებებზე შესაძლო დანაშაულების ფაქტზე", - განაცხადა შოთაძემ.

2019 წელს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არაა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 

იმავე წლის სექტემბერში შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების საქმეზე გამოძიება დაიწყო.


close დახურვა