რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას პირველად ეხმაურება და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს "ერთგულებისთვის" მადლობა უხდის.
"ეს გეგმები ჩავარდა პირველ რიგში იმის გამო, რომ შეიარაღებული ძალების პირადმა შემადგენლობამ გამოავლინა ერთგულება ფიცისა და მეომრის ვალის მიმართ. პროვოკაციამ ვერ მოახდინა ჯარის მოქმედებაზე გავლენა. სამხედროები აგრძელებენ დასახული ამოცანების ამოხსნას მამაცურად და თავგანწირვით", - განაცხადა მან.
ომის დაწყების შემდეგ, ვაგნერის მებრძოლები უკრაინაში რუსეთის არმიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცნენ - თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა ბახმუტში, რის ფონზეც, ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.