logo
ENG



შრი-ლანკის პრემიერი, რანილ ვიკრამასინგჰე, აცხადებს, რომ მზადაა გადადგეს

09 ივლ 202218:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/09/typc5un6bvvnfhj.jpg
Dinuka Liyanawatte / Reuters

შრი-ლანკის პრემიერ მინისტრმა რანილ ვიკრამასინგჰემ, მას შემდეგ რაც აქტივისტები პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ, განაცხადა, რომ მზადაა გადადგეს.

სამხედროებმა და პოლიციამ ვერ შეაკავეს აქტივისტების ნაკადი, რომელიც პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსას გადადგომას ითხოვენ.

აქტივისტებმა ასევე გაარღვიეს ფინანსთა სამინისტროს ჭიშკარი და ზღვის პირას არსებული პრეზიდენტის ოფისებში შეიჭრნენ.

2 ანონიმური წყარო შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტროდან Reuters-ს უყვება, რომ რაჯაპაკსამ ოფიციალური რეზიდენცია უსაფრთხოების მიზნით პარასკევს დატოვა,

პრემიერმა ვიკრამასინგჰემ მოლაპარაკებები გამართა რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერთან, რათა მიეღოთ გადაწყვეტილება შემდეგ ნაბიჯებზე.

„ვიკრამასინგჰემ პარტიის ლიდერებს უთხრა, რომ ის მზადაა, გადადგეს პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან და ადგილი დაუთმოს ყველა პარტიის ხელისუფლების მმართველობას“ - წერია პრემიერის ოფისის ოფიციალურ განცხადებაში.

Reuters-ის ცნობით პრემიერი, ისევე როგორც პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

რამდენიმე ოპოზიციური პარტია ასევე ითხოვს რაჯაპაკსას გადადგომას.

„პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ. თუ ეს არ მოხდება, პოლიტიკური არასტაბილურობა გამწვავდება“ - განაცხადა შრი-ლანკის თავისუფლების პარტიის ლიდერმა და ყოფილმა პრეზიდენტმა მაითრიპალა სირისენამ.

შრი-ლანკა ინდოეთის ოკეანეში არსებული სახელმწიფოა, რომელმაც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1948 წელს მოიპოვა. ქვეყნის მოსახლეობა ჯამში 22 მილიონს შეადგენს და ძირითადად 3 ეთნიკური ჯგუფს მოიცავს - სინჰალელები, ტამილები და მუსლიმები.

2005-2015 წლებში შრი-ლანკის პრეზიდენტი მაჰინდა რაჯაპაკსა იყო. მან სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც 2009 წელს რამდენიმეწლიანი სისხლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ დაამარცხა ტამილი სეპარატისტი აჯანყებულები. მისი ძმა, გოტაბაია, ვინც ამ დროს თავდაცვის მდივანი იყო ახლა შრი-ლანკის პრეზიდენტია.

მოქალაქეების პროტესტი შრი-ლანკაში არსებულმა ეკონომიკური კრიზისმა გამოიწვია. ქვეყანაში ახლა მაღალი ინფლაციაა და საკვებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე დეფიციტია. აქტივისტები არსებულ მდგომარეობაში რაჯაპაკსას ოჯახსა და მათ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

გასულ კვირას შრი-ლანკის ხელისუფლებამ შეწყვიტა ბენზინისა და დიზელის არააუცილებელ ტრანსპორტისთვის მიყიდვა, რათა შეენარჩუნებინა საწვავის რეზერვები.

ხელისუფლება ცდილობდა საწვავი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან მიღებული კრედიტით შეენარჩუნებინა. შრი-ლანკამ სასწრაფო ფინანსური დახმარება მოითხოვა, კრიზისის მიზეზად კი Covid-19-ის პანდემია დაასახელა, ვინაიდან ვირუსმა ქვეყნის ტურისტული ვაჭრობის გზები გაანადგურა.

თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ კრიზისი ეკონომიკის არასწორი დაგეგმარების ბრალია. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები მარტიდან დაიწყო.

გამწვავებული ეკონომიკური კრიზისის გამო პროტესტის ფონზე პრეზიდენტის უფროს ძმას, მაჰინდა რაჯაპაკსას პრემიერ მინისტრის პოზიციის დატოვება მაისში მოუწია.


close დახურვა