შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აჭარაში დააჯარიმეს სარიტუალო დარბაზი, სადაც ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე მიმდინარეობდა.
ფერაძის თქმით, ჯამში, აჭარაში 6 სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა.
"აჭარის რეგიონში მოგვიხდა 6 სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება, რადგან მათ კვლავ განახორციელეს სოციალური ღონისძიება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმებულია 20 ბიზნეს-სუბიექტი, სარიტუალო დარბაზი იმისთვის, რომ მათ შეზღუდვების მიუხედავად, აკრძალული ღონისძიება კვლავ განახორციელეს. აქ გარკვეულწილად მოდიფიცირებას განიცდის და სხვადასხვა ადამიანი ცდილობს, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სოციალური ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქორწილი ხორციელდებოდა სადედოფლო კაბის გარეშე. ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ", - აღნიშნა ფერაძემ.
10 სექტემბრიდან ქორწილების, იუბილეების, სარიტუალო და სხვა სოციალური ღონისძიებების ჩატარება ნაწილობრივ აიკრძალება. კერძოდ, ქორწილის დამსწრეთა რაოდენობა 10 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთივე შეზღუდვა მოქმედებს დაბადების დღეებზე, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე.