logo
ENG



შრომის ინსპექციის უფროსი: შესაბამისი რეაგირება გვექნება, თუ მაინც გაკეთდება ღონისძიებები

17 დეკ 202120:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/17/phqzned4be9o16b.png

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ღამის კლუბი მაინც გადაწყვეტს ღონისძიების ჩატარებას, ინსპექციას შესაბამისი რეაგირება ექნება.

როგორც ფერაძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ღამის კლუბებთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია და საკითხის განხილვა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ღონისძიების ანონსის ან მისი თვითნებურად ჩატარების უფლება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამდე აქვთ. 

"ვერ ვიტყვი, რომ იყო დისკომუნიკაცია ღამეს კლუბებთან... პროტოკოლის დრაფტის შემუშავება არ გულისხმობს, რომ ნებართვა აქვს ამა თუ იმ სექტორს მიღებული. სავარაუდოდ, განწყობა უწყებების ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდანაც კონსტრუქციული მზაობა და დამოკიდებულება სექტორის მიმართ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებამდე თვითნებურად ანონსი უნდა გაკეთდეს ღონისძიებების ჩატარება, თუ არჩატარებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მათ შორის, [ანონსი] როდესაც გავრცელდა პირველივე დღეს, კომუნიკაცია გვქონდა და მათ ავუხსენით, რომ მანამ, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ვერ იქნება ნებართვა მიცემული ვერც ერთ ღონისძიებაზე, ეს ინფორმაცია მათ აქვთ და მიუხედავად ამისა, როგორც ვხედავთ გარკვეულმა ორგანიზაციებმა მაინც დააანონსეს ივენთები", - ამბობს ფერაძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

ფერაძემ ღამის კლუბების ხელმძღვანელებსაც მოუწოდა, რომ ღონისძიებები არ გამართონ, იქამდე, სანამ საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება და უსაფრთხოების საბოლოო პროტოკოლზე არ შეჯერდებიან. 

"როგორც ჩანს, რამდენიმე ობიექტმა გადაწყვიტა, რომ დაანონსონ ივენთი, ჩვენ გვაქვს კვლავ კომუნიკაცია და მოვუწოდებთ, რომ არ არის ეს ნებადართული საქმიანობა და ჩვენ მოგვიწევს გეგმიური მონიტორინგის განხორციელების დროს შესაბამისი რეაგირება, თუ აღმოვაჩენთ, რომ ესა თუ ის ღონისძიება კვლავ იმართება.

ასევე მოვუწოდებთ მათ, რომ ეს არის გზა, ამდენი სახელმწიფო უწყება ერთობლივად ვმუშაობთ და საბჭოს უნდა წარედგინოს -  საბჭო იმსჯელებს და თუ საბჭო მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ უნდა გაიხსნას ესა თუ ის სექტორი, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე, ამიტომ ღია კარი, როდესაც არსებობს და მზაობა, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად მოხდეს ეს ქმედებები, ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ წინსწრებით, რამდენიმე დღით ამა თუ იმ კომპანიამ მაინც განახორციელოს ღონისძება. ვფიქრობ, რომ არ მოხდება ასე, მიუხედავად ამისა, თუ რამდენიმე ორგანიზაცია მაინც დააანონსებს და გააკეთებს ამა თუ იმ ღონისძიებას, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ", - თქვა ბექა ფერაძემ. 

***

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკებერს განაახლებდნენ. 

ინსპექციის განცხადებას კლუბ მტკვარზე-ს დამფუძნებელი ქეთა გაბუნია გამოეხმაურა და თქვა, რომ ღონისძიებები დღეს ჩატარდება და მთავრობამ დიდი ხანია იცის, რომ კლუბები 17-18 დეკემბერს იხსნებოდა, თუმცა კლუბები საკოორდინაციო საბჭოსგან დასტურს ამ დრომდე ელოდნენ.

კლუბ ხიდის წარმომადგენელი სოფო ებრალიძე ამბობს, რომ დღეს ღამის კლუბები გაიხსნება. 

შრომის ინსპექციამ ხიდი 3 დეკემბერს დააჯარიმა, დალუქვის შესახებ ბრძანება გასცა და ხიდს გონივრული ვადა მისცა კლუბის დასატოვებლად. მოგვიანებით ხიდმა გაავრცელა განცხადება, რომ ამ ეტაპზე კლუბს ტოვებდნენ და პასუხისმგებელ პირებს "გონივრულ ვადას" აძლევდნენ, რომ კლუბის მუშაობა დაეშვათ.

ასევე, შრომის ინსპექციამ 4 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ მოუწოდებენ ღამის კლუბებს არ განახორციელონ აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმისა თუ დალუქვის სახით.

პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საკლუბო სექტორში დაახლოებით 8 000 ადამიანია დასაქმებული და ისინი 21 თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პეტრიაშვილის თქმით, მიმდინარეობდა კონსულტაციები კლუბების ასოციაციასთან და ყველა პარამეტრებით, 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო რეგულაციები, რომლის შედეგად უნდა მოხერხებულიყო კლუბის ისე ამუშავება, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ დაცულად. პეტრიაშვილის თქმით, სრულად გაუგებარია შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში გასართობი ღონისძიებაა ჩანიშნული. 

ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 

 

 

 

 


close დახურვა