logo
ENG



შსს-მ დააკავა 11 პირი, რომლებიც კრიპტოვალუტით მოვაჭრეებს ფულს თაღლითურად პარავდნენ

04 აპრ 202110:54
3 წუთის საკითხავი
clock 1933
შსს

კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ გამოავლინა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა. 

დაკავებულია 11 ადამიანი. 

უწყების ცნობით, 

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.ჰ., 1997 წელს დაბადებული კ.კ., 1999 წელს დაბადებული გ.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1997 წელს დაბადებული მ.თ., 1994 წელს დაბადებული გ.ლ., 1996 წელს დაბადებული ვ.ნ., 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1997 წელს დაბადებული ა.გ., 1986 წელს დაბადებული ქ.ი. და 1997 წელს დაბადებული გ.ბ.

დანაშაულები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას.

უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, რომლებიც სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას.

დაინტერესების შემთხვევაში ჯგუფის წევრები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით იძენდნენ კრიპტოვალუტას, გადახდილი თანხა არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე აისახებოდა.

ამ ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ ეტაპზე დადგენილი ზიანის ოდენობა 620 000 ევროა. 

შსს ასევე აცხადებს, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახერხა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კერძოდ, მათ შეიძინეს ძვირადღირებული მანქანები და უძრავი ქონება, რაც გამოძიების მიერ დაყადაღებულია.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ყადაღა ასევე დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯ.ჰ.-ის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გამოყენების, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


close დახურვა