logo
ENG



შსს-მ თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა

17 იან 202111:10
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი - 1988 წელს დაბადებული გ.ფ. და 1975 წელს დაბადებული ზ.ს. თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

უწყების ცნობით, გ.ფ. კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი – 13 იანვრიდან.

"ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.

სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა.

პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 17 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის ​780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 608 ადამიანი, 17 კი გარდაიცვალა.


close დახურვა