შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 ადამიანი დააკავა.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და 1997 წელს დაბადებული პირები. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალნენ 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1993 წელს დაბადებული გ.პ., ხოლო 1998 წელს დაბადებულმა რ.პ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.