logo
ENG



შსს-ს ცნობით, ოქრუაშვილის პარტიის წევრი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს

02 დეკ 202016:06
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/02/dmo1o4b7l6d124q.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის პარტია გამარჯვებული საქართველოს წევრი ასლან ვაშაყმაძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

უწყების მტკიცებით, ის პოლიციელს თავს მაშინ დაესხა, როცა სამართალდამცველები ვაშაყმაძის Facebook live-ს გამო მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარების შესახებ ინფორმაციის გადასაცემად მივიდნენ.

"30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი "facebook"-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით", - ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ვაშაყმაძემ ამ ლაივის შემდეგ მორიგი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ძალადობას ემიჯნება და პოლიციელზე თავდასხმის მოწოდება აღელვების გამო გააკეთა.

დაკავებულის პარტიის წარმომადგენლების კომენტარს ფორმულა მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა