logo
ENG



შსს-ში აცხადებენ, რომ ე.წ. ბალკანურ მოდელზე გავრცელებული ინფორმაცია, არასწორია

21 დეკ 202317:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/21/lkg2vij7r9w6lm8.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. ბალკანურ მოდელზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

19 დეკემბერს საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. სამინისტროს განმარტებით, მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რის საფუძველზეც შემუშავდა შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. ბალკანური მოდელი არ წარმოადგენდა განხილვის საგანს.

გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.

ამასთან, გერმანულმა მედიამ დაწერა, რომ საქართველოსთვის გერმანიის პირველი შეთავაზება იყო დასავლეთ ბალკანეთის რეგულაციის გაფართოება, რაც ქართველებისთვის გერმანულ სამუშაო ბაზარზე წვდომას გაამარტივებდა, თუმცა ეს წინადადება მთავრობისთვის უინტერესო აღმოჩნდა.

"ქვეყანაში უკვე არის "ტვინების გადინების" პრობლემა: ახალგაზრდებმა, კარგი განათლების მქონე ადამიანებმა უკვე დატოვეს ქვეყანა და დარჩენილი კადრების თავად საქართველოს სჭირდება. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, არის კარიერული პერსპექტივის ნაკლებობა, მეორე მხრივ, ის, რომ საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ", - აღნიშნულია სტატიაში.

მედიის ინფორმაციით, საქართველოსთან მიმართებაში გერმანიას ორი მიზანი ჰქონდა: გერმანიაში თავშესაფარი უფრო ნაკლებმა ქართველმა უნდა მოითხოვოს, რადგან როგორც წესი, ამას ისინი ვერ იღებენ და ეს პროცედურები ტვირთავს გერმანიის ბიუროკრატიას. ამის ნაცვლად, ქართველები იმიგრირდნენ ჩვეულებრივ სამუშაო ბაზარზე, რადგან გერმანიას კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აქვს.

ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი მიგრაციის საკითხებში გამოცემას ეუბნება, რომ საბოლოოდ, გერმანიისა და საქართველოს ინტერესები თანხვედრაში მოვიდა: შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, იმ ქართველებს ეხებათ, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და EU-ში მიემგზავრებიან.


close დახურვა