შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში, ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი ქარელში დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დღეს დაკავებულმა და მისმა თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, ის კლინიკაში გარდაიცვალა.
მათივე ცნობით, პოლიციამ მომხდარიდან მალევე ჯერ სამი, მომდევნო დღეებში კი კიდევ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.