logo
ENG



შსს: გუმათში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დავაკავეთ

10 ივნ 202118:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/10/thjc9bf3xv6zmd0.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული დ. ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, შსს-მ რამდენიმე დღის წინ 1992 წელს დაბადებული ირაკლი მუკბანიანი დააკავა. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ მუკბანიანი სასაფლაოზე თანმხლებ პირებთან ერთად მუშაობდა, რა დროსაც მათთან სპეცრაზმი მივიდა და იქ შეკრებილ პირებს გაუფრთხილებლად, ფეხებში ესროლეს. მათივე თქმით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, ერთს კი რეზინის ტყვია მოხვდა.

ირაკლი მუკბანიანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.


close დახურვა