logo
ENG



შსს: დავაკავეთ გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი

20 სექ 202415:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/20/mrtyfi86e6jv9o3.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, 1974 წელს დაბადებული პირი - დ.ხ. 

შსს-ს თანახმად, დაკავებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა.

საქალაქო სასამართლოს მიერ გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულს დაუსწრებლად 18-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

"სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. აღნიშნული პირი, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოდიოდა.

სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე გამოძიება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საზღვარზე შეჩერებულ პიროვნებას, თან არ ჰქონდა პიროვნების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია, შესაბამისად, იგი იდენტიფიცირების მიზნით მესაზღვრეების მიერ გადაყვანილ იქნა სასაზღვრო სექტორის ადმინისტრაციულ შენობაში.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დ.ხ. საკუთარი სახელისა და გვარის დასახელების ნაცვლად, ასახელებდა სხვა სახელსა და გვარს.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში მოხდა შეჩერებული პირის პირველადი იდენტიფიცირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო მონაცემების ბაზების მიხედვით დადგინდა, რომ საზღვარზე შეჩერებული პირი არის 2016 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო 2017 წლიდან ინტერპოლის მიერ, საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 187-ე მუხლების შესაბამისად ძებნილი - დ.ხ.

ასევე, გამოძიების ფარგლებში, საზღვარზე შეჩერებული პირის მიმართ დაინიშნა და ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ 19 სექტემბერს, სასაზღვრო სექტორ "კარწახზე“ შეჩერებული პირი, ნამდვილად არის დ. ხ.

დ.ხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებულის სახით დაკავდა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ხ. დამნაშავედ სცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვა-ტარების, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ასევე, გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გრძელდება დ.ხ. -ს თანამზრახველი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით", - აცხადებენ შსს-ში. 

უწყებაში ამბობენ, რომ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გრძელდება დ.ხ.-ს თანამზრახველი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.


close დახურვა