შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელმაც გუშინ, 27 სექტემბერს ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე სკვერში ირანის მოქალაქე დაჭრა.
უწყების ცნობით, დაკავებულმა ირანის მოქალაქეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
მათი ინფორმაციით, დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელმაც ირანის მოქალაქის თანმხლებ პირს, ასევე ირანის მოქალაქეს, ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ძალადობას გულისხმობს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.