logo
ENG



შსს: ზუგდიდში თავდამსხმელის ვინაობა დადგინდა და იდენტიფიცირებულია

25 ოქტ 202014:50
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

თუმცა, შსს თავდამსხმელის არც ინიციალებს ავრცელებს და მედიებსაც მოუწოდებს, "თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს". 

უწყების განცხადებით, "პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მინით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე - ყაჩაღობის, 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, და 144-ე - მძევალდ აყვანის მუხლებით გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს". 

განცხადება მას შემდე გავრცელდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან, იოსებ ჭელიძესთან და ვლადიმერ ბორცვაძესთან ერთად დღეს, 25 ოქტომბერს ზუგდიდში ჩავიდა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის შენობაში შევიდა დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ გალდავა, რომელიც 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს მოელაპარაკა. 

მათ ჯერ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა. გალდავამ ერთ-ერთი მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაყვა.

მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, ფული წაიღო და მიიმალა.


close დახურვა