30 ოქტომბერს, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც "არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას ეხება", შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შსს ცნობით, ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტზე", - წერია განცხადებაში.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბრის ბრიფინგზე, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის "პროვოკაციულ გეგმებზე" კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობას ხელკეტებითა და ელექტროშოკებით მობილიზებული ეკიპაჟები ჰყავს.
გარდა ამისა, კობახიძემ Facebook-ზე ოპოზიციური კანდიდატების სიები გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი მტკიცებით, არჩევნებზე პროვოკაციებს გეგმავენ.
ბოლო რამდენიმე დღეა ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგები ინტენსიურად იმართება, მათი თემა კი, მათივე მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნების დღეს ოპოზიციის მიერ არეულობის მოწყობის გეგმებია.