logo
ENG



კობახიძის მტკიცებით, ენმ-ს "ხელკეტებითა და ელექტროშოკებით მობილიზებული ეკიპაჟები" ჰყავს

30 ოქტ 202015:25
3 წუთის საკითხავი
clock 1184

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბრის ბრიფინგზე, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის "პროვოკაციულ გეგმებზე" კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობას ხელკეტებითა და ელექტროშოკებით მობილიზებული ეკიპაჟები ჰყავს.

კობახიძე აცხადებს, რომ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.

"პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც.

ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ბოლო რამდენიმე დღეა ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგები ინტენსიურად იმართება, მათი თემა კი, მათივე მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნების დღეს ოპოზიციის მიერ არეულობის მოწყობის გეგმებია. 


close დახურვა