შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის გარდა, კიდევ ერთი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, ამავე ქუჩაზე მცხოვრებ 1993 წელს დაბადებული ურთიერთშელაპარაკების დროს ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
მათი ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.