შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
აქციის მონაწილეები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ და რუსული კანონის ინიციირებას აპროტესტებენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი"- ნათქვამია განცხადებაში.
15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.
17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.