logo
ENG



შსს გუმათთან რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს

17 ივნ 202115:02
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუმათთან რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.

სამინისტროს ცნობით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

12 ივნისს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, ხელისუფლებასა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მხარეები ბარიკადების აღებასა და პოლიციის გაყვანაზე შეთანხმდნენ.

"ორი პირობა გვქონდა, რომ აღებულიყო ბარიკადები, გასულიყო პოლიცია და შეწყვეტილიყო სამუშაოები. ნაწილი ამ პირობებისა, შეთანხმდა. ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას პროტესტის ძირითად ადგილზე, სადაც აქამდე იყო", - განაცხადა გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

რიონის მცველების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

close დახურვა