logo
ENG



შტატ ჯორჯიაში დონალდ ტრამპს კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს

15 აგვ 202309:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/15/a4q7gxgvhylz30m.jpg

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯორჯიის შტატმა ახალი ბრალი წაუყენა. ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ მიიჩნია, რომ ტრამპი შესაძლოა ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაში იყო ჩართული. ეს უკვე სისხლის სამართლის მეოთხე საქმეა, რომელსაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ იძიებენ.

ტრამპს ბრალი 11 პუნქტში წარუდგინეს. მას და კიდევ 18 პირს წაუყენეს ბრალდებები, რომლებიც მოიცავს რეკეტს, კრიმინალური ორგანიზაციების შესახებ კანონის დარღვევას (RICO Act) და ა.შ.

სხვა ბრალდებულებს შორის არიან - თეთრი სახლის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ მედოუზი, პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ჯეფრი კლარკი, ტრამპის იურისტი და კონსულტანტი ჯონ ისტმანი.

41-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ სავარაუდო თანამოაზრეები "შეგნებულად და განზრახ შეუერთდნენ შეთქმულებას, რათა უკანონოდ შეეცვალათ არჩევნების შედეგი ტრამპის სასარგებლოდ". გარდა ამისა, დოკუმენტში ბრალდებულები მოხსენიებულნი არიან, როგორც "კრიმინალური ორგანიზაცია".

დონალდ ტრამპი ამჟამად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის ლიდერობს. იგი ამბობს, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ტრამპს უკვე წაუყენეს ბრალი სამ სხვა საქმეში - შეთქმულება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაუქმებლად; საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვა; ჩანაწერების გაყალბება პორნოვარსკვლავის დუმილისთვის ფულის გადახდის დასაფარად.

ფულტონის ოლქის პროკურორის ფანი უილისის გამოძიება ფოკუსირებულია ტრამპის ქმედებებზე ჯორჯიის შტატში.

2021 წლის იანვარში ჩაწერილია ტრამპი სატელეფონო საუბარი შტატის სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგთან, სადაც ის სთხოვს, რომ 11 780 ხმა "უპოვოს". ეს ხმების ის რაოდენობაა, რომელიც ტრამპს შტატში ბაიდენის დამარცხებაში დაეხმარებოდა.


close დახურვა