logo
ENG



შულგა: მოვითხოვეთ, უკრაინის ომბუდსმენმა მოინახულოს სააკაშვილი, პასუხი დღემდე არ მიგვიღია

13 სექ 202312:38
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ შულგა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი უკრაინის ომბუდსმენის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მონახულების მოთხოვნაზე.

დროებითი რწმუნებული კვლავ იმეორებს უკრაინის ხელისუფლების პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება შესაბამის კლინიკაში.

"დიპლომატიურ ველზე სიტუაცია უცვლელია, ელჩი ჩამოსული იყო თბილისში კონსულტაციების გასამართად და ველოდებით, როდის დაბრუნდება ის კიევში და მოახსენებს უკრაინის ხელისუფლებას ქართული მხარის პოზიციას. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაცია იგივე ეტაპზეა. ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ უკრაინის ომბუდსმენს მიეცეს საშუალება მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ჩვენი პოზიცია ცნობილია, ეს უნდა იყოს ჰუმანური აქტი და სააკაშვილმა უნდა მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება შესაბამის კლინიკაში", - განაცხადა მიხეილ შულგამ.

3 ივლისს სააკაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. ვიდეოკადრებში ჩანდა მისი ფიზიკური მდგომარეობა - გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.

სასამართლო სხდომიდან გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩანდა, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კვლავ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობით "მანიპულირებს". მისი განცხადებით, სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს სრულად ამ დრომდე არ ასრულებს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ უკრაინის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები "სამწუხარო და მიუღებელია". მისი თქმით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ.

კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს საერთაშორისო მედიებმა. გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ექსპრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა - მან საქართველოს ელჩს შესთავაზა, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.


close დახურვა