ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიური იქნება.
როგორც საარჩევნო შტაბის უფროსმა განაცხადა, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან სამომავლო გეგმების ამომრჩევლებისთვის გაცნობაზე.
ირაკლი კობახიძემ, ასევე, ისაუბრა საარჩევნო სიაზე - მისი თქმით, მაჟორიტართა სია, შესაძლოა, ერთ კვირაში გამოქვეყნდეს, ხოლო სრულ სიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები დასრულდება ოცნების დამაჯერებელი წარმატებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს დაფიქსირებული პოზიცია ხედვებთან დაკავშირებული - ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება მომავალზე აგებული, როგორ ხედავს საზოგადოება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას - ეს აინტერესებს საზოგადოებას და არა ის კინკლაობა.
ჩვენი კამპანია იქნება პრინციპულად პოზიტიური - იქნება აგებული სამომავლო გეგმებზე და ამის საზოგადოებისთვის წარდგენაზე. რაც შეეხება ოპოზიციას: მათაც უნდა ჰქონდეთ პოზიტიური კამპანია - ვნახოთ როგორ წარიმართება პროცესი.
დიდი ხანია საარჩევნო სიაზე დაწყებულია მუშაობა. მაჟორიტარების წარდგენას ვფიქრობთ მალე - შეიძლება, ერთ კვირაშიც გაკეთდეს. რაც შეეხება სიას - მისი წარდგენის ვადა არის, თუმცა ახალი სახეების პრეზენტაცია მოხდება პერიოდულად. ვადა არის სექტემბრამდე, მაგრამ ამას წინ გავუსწრებთ. დღეს ვერცერთ გვარს ვერ დავასახელებთ - როცა პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, დავასახელებთ მაშინ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად გუშინ დანიშნეს - მის დანიშვნას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციაში და ფაქტს „ოპოზიციისთვის გაწეული დახმარება“ უწოდეს.