logo
ENG



ჩინეთი არ შეუერთდა G20-ის ერთობლივ განცხადებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს გმობს

26 თებ 202315:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/26/vxieo5byxw1tu6h.jpg

ინდოეთში გამართულ დიდი ოცეულის შეხვედრაზე წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმეს. ერთობლივ განცხადებას არ შეუერთდნენ რუსეთი და ჩინეთი.

დასავლეთის ქვეყნებმა შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობის საკითხი დააყენეს, რასაც დიდი ოცეულის 18 ქვეყანა დაეთანხმა. ერთობლივი შეთანხმება ვერ მიიღწა, რის შემდეგაც ინდოეთმა შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა.

"წევრების უმეტესობამ მტკიცედ დაგმო უკრაინაში ომი და აღნიშნა, რომ ეს უდიდეს ადამიანურ ტანჯვას იწვევს და გლობალურ ეკონომიკაში არსებულ სისუსტეებს ამწვავებს...

იქ იყო სხვა შეხედულებებიც და სიტუაციისა და სანქციების განსხვავებული შეფასება" - წერია ერთობლივ განცხადებაში.

შეხვედრის შემდეგ ინდოეთის წარმომადგენელმა აჯაი სეთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ უკრაინის შესახებ განცხადებას, რადგან "მათი მანდატი ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებთან გამკლავებაა".

„მეორე მხრივ კი ყველა დანარჩენი 18 ქვეყანა მიიჩნევდა, რომ ომს აქვს გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე და საჭირო იყო ამ საკითხის განხილვა“ - განაცხადა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ „დასავლური კოლექტივის მიერ

დიდი ოცეულის ქმედებების დესტაბილიზაცია გრძელდება ანტირუსული გზით“.

რუსეთმა აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეულის ქვეყნები დაადანაშაულა "აშკარა შანტაჟში" და მათ მოუწოდა "აღიარონ სხვადასხვა პოლუსიანი სამყაროს ობიექტური რეალობა".

17-აბზაციან შემაჯამებენ დოკუმენტში ასევე საუბარია თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე, საშუალო და დაბალ შემოსავლიან ქვეყნების ვალებზე, გლობალური გადასახადების პოლიტიკასა და საკვების უსაფრთხოებაზე.

დიდი ოცეულის წინა შეხვედრების შემდეგაც უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ერთობლივი განცხადების შესახებ შეთანხმებას წევრმა ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს.

ბოლო შეხვედრის შედეგი ნოემბერში ბალიში გამართული სამიტის მსგავსი იყო, როცა გამოქვეყნდა დიდი ოცეულის დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნული იყო "განსხვავებულ პოზიციებზე".

დიდმა ოცეულმა ნოემბერში მიიღო დეკლარაცია, რომლითაც „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია მკაცრად გააკრიტიკეს". დეკლარაციის სქოლიოში აღნიშნული იყო, რომ უკრაინაში ომის შესახებ აბზაცებს ყველა წევრი დაეთანხმა რუსეთისა და ჩინეთის გარდა.


close დახურვა