logo
ENG



ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა

20 მარ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock 447
Getty Images

TASS-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ეს არის სი ძინპინის პირველი ვიზიტი რუსეთში, მას შემდეგ რაც პუტინმა ომი დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტთან უკრაინის სამშვიდობო საკითხს განიხილავს.

"ასე თუ ისე, თემები, რომლებიც ეხება [პეკინის სამშვიდობო] გეგმას, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება საუბარი უკრაინაზე [პუტინსა და Xi-ს შორის] აზრთა გაცვლის დროს."- განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

"სახელმწიფოს მეთაურები თავიანთი შეხედულებისამებრ დააყენებენ ყველაზე აქტუალურ საკითხებს."- თქვა პესკოვმა.

* * *

The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

WSJ-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ სი ძინპინი, სავარაუდოდ, ცდილობს უკრაინაში მიმდინარე რუსული ომის დასრულებაში უფრო აქტიური შუამავლის როლი მოირგოს. ამასთან, გამოცემა მიუთითებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებსაც ეწვიოს, თუმცა ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.

მედიის განცხადებით, ზელენსკისთან პირდაპირი საუბარი, თუ ეს შედგება, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პეკინის მცდელობაში, უკრაინაში მშვიდობისმყოფელის როლი ეთამაშა, რასაც ევროპაში თავიდანვე სკეპტიციზმით შეხვდნენ. 

გამოცემა მიუთითებდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს არაერთხელ სთხოვა დრონებით და საბრძოლო მასალებით მომარაგებაში დახმარება, რასაც ჩინეთის ხელმძღვანელობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილავს. როგორც დაზვერვის წყაროები ამბობდნენ, ჩინეთი აღჭურვილობის მიწოდებისკენ მეტად იხრება - გასული კვირების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთი რუსეთისთვის პოტენციური სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილეს.

ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება:

  • ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა;
  • ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა;
  • საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
  • სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება;
  • ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება;
  • მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა;
  • ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სტრატეგიული რისკების შემცირება;
  • მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა;
  • ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა;
  • საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება;
  • პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.

ჩინეთის რეკომენდაციებში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტაზე.


close დახურვა