გამოცემა AP-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო მინისტრმა ცინ განმა განაცხადა, რომ ჩინეთი უკრაინაში მიმდინარე ომში არცერთ მხარეს არ მიჰყიდის იარაღს და ორმაგი გამოყენების სამოქალაქო და სამხედრო საქონლის ექსპორტზე კონტროლს გაამკაცრებს.
ამის შესახებ მან გერმანიის საგარეო მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება სამხედრო საქონლის ექსპორტს, ჩინეთი მიმართავს ფრთხილ და პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას. ჩინეთი არ გადასცემს იარაღს კონფლიქტის შესაბამის მხარეებს და მოაწესრიგებს და გააკონტროლებს ორმაგი გამოყენების პროდუქტებს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად“ - განაცხადა განმა.
ის ჩინეთის პირველი ოფიციალური წარმომადგენელია, ვინც იარაღის გადაცემის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, „უკრაინაში კრიზისის“ გადაჭრის ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და გამოთქვა ჩინეთის მზაობა, დაეხმაროს კონფლიქტის პოლიტიკურად გადაჭრაში.
თეთრი სახლი მიესალმება განის განცხადებას, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის, თუმცა გარკვეული უნდობლობა გამოხატა.
„როგორც აქამდეც ვამბობდით, არ გვჯერა, რომ ჩინეთის საუკეთესო ინტერესებშია ამ მიმართულებით წასვლა. ჩვენ გავაგრძელებთ ახლოდან დაკვირვებას“ - განაცხადა თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიენ ვატსონმა.