logo
ENG



ჩიხლაძე: ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმებამდე სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში არ შევა

08 დეკ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში შესვლას არ აპირებს მანამ, სანამ მმართველ გუნდთან არ მოხდება შეთანხმება ფუნდამენტურ საკითებზე

"მანამ, სანამ არ მოხდება ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება, არჩევნები ან პლებისციტი, მოლაპარაკება წარმატებულად ვერ ჩაითვლება. არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს შეთანხმების გარეშე რამე ნაბიჯი გადადგას.

პოლიტიკური შეთანხმება თუ არ მოხდება ფუნდამენტურ საკითხებზე და ჯერ არ მომხდარა, არავინ, არც სტრატეგია აღმაშენებელი და ასევე, რა ინფორმაციაც მაქვს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, არავინ აპირებს არსად შესვლას და გამოსვლას". - თქვა მან. 

X მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება. თუმცა, ვინაიდან ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ქართული ოცნება იმუშავებს. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. პოლიტიკური კრიზიცის სწორედ ამას მოჰყვა. პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ასევე, პოლიტპატიმრების: ივერი მელაშვილის, ნატალია ილიჩოვას, აკაკი ხუსკივაძის, აკაკი კობალაძის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. 

მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ფასილიტატორები საქართველოს დასავლელი პარტნიორები არიან. 

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა. 

მოლაპარაკების საკითხი სწორედ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა