ჩრდილოეთ კორეამ ისტორიაში პირველად რაკეტა სამხრეთ კორეასთან საზღაო საზღვარზე გაუშვა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ინციდენტს ტერიტორიის მიუღებელი დარღვევა უწოდა.
ფხენიანის მიერ გაშვებული მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ზღვაში ჩავარდა, დაახლოებით 60კმ-ში სამხრეთ კორეულ ქალაქ სოკჩოდან. აღნიშნული ქალაქი ახლოსაა სადემარკაციო ხაზთან, ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. რაკეტამ დე ფაქტო საზღვარს 25 კილომეტრით გადაუფრინა.
საპასუხოდ სამხრეთ კორეამ ასევე სამი რაკეტა გაუშვა - ასევე ზღვაში, საზღვაო საზღვრის გადაღმა.
სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ დილით სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვა. გენშტაბის განცხადებით, ისინი არ მოითმენენ მსგავს პროვოკაციას და "მკაცრად უპასუხებენ სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში".
გარდა ამისა, რაკეტების გაშვების გამო სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოები მოიწვიეს.
გუშინ ფხენიანმა სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს მიმდინარე ერთობლივი წვრთნების შეწყვეტა მოსთხოვა და უარის შემთხვევაში "ძლიერი" ზომების გატარებით დაემუქრა.
ამასთან, რიგი გაშვებები ჩრდილოეთ კორეამ გასულ თვეშიც განახორციელა - როგორც ფხენიანმა თქვა, აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ.
ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეელებმა თავიანთ გაშვებას ნახევარკუნძულის სამხრეთით ბირთვული დარტყმის იმიტაცია უწოდეს.