logo
ENG



ჩხარტიშვილი: ჩემი სანქცირების მოთხოვნა ფეიკია, რომელსაც ქართველი ავტორები ყავს

06 სექ 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/06/ge4br3314mqlu2r.jpeg

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც უკრაინამ იმ ადამიანთა სიაში შეიყვანა, ვის სანქცირებასაც ითხოვს, აცხადებს, რომ ეს "არის მცდელობა, ელენე ხოშტარიას და ენმ-ის მიერ ხელოვნურად აგორებული ცილისმწამებლური კამპანია საერთაშორისო არენაზე გავიდეს". 

უკრაინის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რომელიც 15 ადამიანისგან შედგება, 12 ქართველია. მათ შორის არის ვანო ჩხარტიშვილიც. 

ასევე, უკრაინა ითხოვს, სანქციები შეეხოს ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, ლევან ვასაძეს, ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას. სიაში მათი მოხვედრის მიზეზად დასახელებულია რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერა. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ კანდიდატებს რუს ოლიგარქ ევტუშენკოვთან კავშირი აერთიანებს. 

ვანო ჩხარტიშვილი, რომლის განცხადებაც რუსთავი 2-მა გაავრცელა, აცხადებს, რომ გამოქვეყნებული სია "მტკნარ სიცრუეზე აგორებული ფეიკია, რომელსაც ქართველი ავტორები ყავს". 

"იქნება ეს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი თუ რადიკალების მედია რუპორები, რომლებმაც კონკრეტულად ჩემ წინააღმდეგ, საჯაროდ არაერთხელ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია,  სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანის მიზნით რუსულ კომპანია "როსნეფტთან" ჩემ ღია და ოფიციალურ პარტნიორობაზე. 

რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა  ჩემს კავშირს მათ მიერ დასახელებულ რუსულ კომპანია "როსნეფტთან“, ან "პეტროკასა" თუ "გალფთან" და ფოთის პორტთან. ბრალდებების გამიზნულ ფალსიფიკაციაზე მეტყველებს ისიც, რომ ოფიციალურმა უწყებებმა კატეგორიულად უარყვეს მითითებული პირების მიერ დასახელებული სანქცირებული ტვირთების საქართველოში შემოტანის ფაქტი.  

ჩემი დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც სმარტ კაპიტალის ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ საქმიანობენ, არიან ღია და გამჭვირვალე ბიზნეს სტრუქტურები. ჩვენ გამიზნულად არ ვმონაწილეობთ სახელმწიფო ტენდერებში, ხოლო ჩვენს საქმიანობას ყოველწლიურად აუდიტს უკეთებს მსოფლიოს ოთხეულში შემავალი აუდიტორული კომპანია "დელოიტი", რომელიც ჰოლდინგში შემავალ ყველა ფირმას ფარავს. მისი დასკვნა არის საჯარო და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს და დარწმუნდეს, რომ არანაირი კავშირი რუსულ კომპანიებთან ჩვენ არ გვაქვს". - წერს ჩხარტიშვილი. 

ბიზნესმენი მიუთითებს, რომ ამის შესახებ იციან ელენე ხოშტარიამ და ლევან ხაბეიშვილმა, თუმცა, მათი დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზანი კონკრეტული ადამიანების მიმართ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებაა, რათა ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას. 

"ამასვე ემსახურებოდა გუშინ გამოქვეყნებული სიაც, რათა რადიკალების ფეიკებს,საერთაშორისო ფიასკოს ფონზე, რამენაირი "საერთაშორისო" ლეგიტიმაცია მაინც მისცემოდა". - წერს ჩხარტიშვილი. 

ის ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მისთვის რეპუტაციული ზიანის მომტანია. 

ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ამიტომ ლონდონის აუდიტორული კომპანიები მის კომპანიებს შეისწავლიან, შემდეგ კი დაიწყება სასამართლო პროცესები მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში. 

"გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ, რომ ჩემ მიმართ გავრცელებულმა ცრუ ბრალდებებმა, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ჩემს პარტნიორ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომელთა კომპანიების საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და მიყენებული ზიანის შესაძლო ფაქტი გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება. შესაბამისად, ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ და შესაძლებელია, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით სოლიდური კომპენსაციის გადახდა დაეკისროთ. ანალოგიური რეაგირება გვექნება ნებისმიერ მცდელობებზე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით საქმიანი რეპუტაცია შემილახონ მე და ჩემს კომპანიებს". - აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი. 


close დახურვა