logo
ENG



ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის კვლევითი სივრცე

12 სექ 202214:10
3 წუთის საკითხავი
 
ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის კვლევითი სივრცე

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია გახსნა. კონფერენციის მთავარი თემა არის "ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა" და ის საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ ტარდება. 

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლის დროს მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. 

"სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ამ კონფერენციას საერთაშორისო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას.

ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში". - თქვა ჩხენკელმა. 

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის რიგით მე-9 კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გერმანიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, მათ შორის: დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, იულიხის მეცნიერებების ცენტრის, GSI დარმშდატის მძიმე იონების კვლევის ცენტრის, აახენის, იენისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელები და პროფესორები.


close დახურვა