ჩხოროწყუს მერ დავით გოგუასა და მერიის სპორტის განყოფილების ყოფილ უფროს ედემ კვარაცხელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფორმულას ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ მუხურში დაახლოებით 4 დღის წინ მოხდა, რა დროსაც მერი ჰესის მშენებლობის სამუშაოებს ათვალიერებდა და ადგილობრივებს ხვდებოდა.
ფორმულას წყარო უყვება, რომ ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია მუნიციპალიტეტის მერს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რასაც თავად ედემ კვარაცხელია უარყოფს, თუმცა შელაპარაკების ფაქტს ადასტურებს.
ფორმულას ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ედემ კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება გახდა, რასაც კვარაცხელია ჩვენთან საუბარში ადასტურებს და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
რაც შეეხება ჩხოროწყუს მერს, ფორმულას ინფორმაციით, ის თბილისში იმყოფება, თუმცა დავით გოგუა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე 126-ე ძალადობის მუხლით აღიძრა. ედემ კვარაცხელია ამბობს, რომ ის გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.