logo
ENG



ცაგერის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

10 სექ 202016:34
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება.

"პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, ორბელში, ლაჯანაში, შპატაგორსა და ლეშკედაში მოქალაქეების შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა.

როგორც ცაგერის მერიის ადმინისტრაციაში ფორმულას განუცხადეს, მუნიციპალიტეტში შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი და ტესტირება ჩაუტარდება.


close დახურვა