თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა საქართველოს 4 მილიონი დოლარის ღირებულების 10 000 ფლაკონი რემდესივირი საჩუქრად გადასცა.
"ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში.
არსებული კანონმდებლობით, კომპანია Gilead-ს ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს რემდესივირით ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია Gilead-ის ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს", - დაწერა Facebook-ზე ცერცვაძემ.
ცერცვაძემ რამდენიმე თვის წინ განმარტა, რომ რემდესივირს მხოლოდ კლინიკაში მყოფ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს უნიშნავენ.
დეკემბერში პრეპარატი ინფექციურმა საავადმყოფომ 104 000 დოლარად შეიძინა.