ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ომიკრონის შტამისგან განსაკუთრებით ვაქცინის ბუსტერ დოზა იცავს.
ცერცვაძემ მოსახლეობას აცრისკენ და ასევე ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდა. ასევე, ცერცვაძის თქმით, მნიშვნელოვანია პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდოს.
"პრობლემა, იცავს თუ არა ვაქცინები ომიკრონისგან - ვარაუდობენ, რომ ნაწილობრივ იცავს და განსაკუთრებით, იცავს თუ გაკეთებული გაქვს მესამე, ბუსტერ დოზა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა გაკეთებული აქვს, გაიკეთოს მესამე. ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ, უმოკლეს დროში მიმართონ ვაქცინაციას, რადგან ეს მაინც იცავს, შესაძლოა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც იცავს. პირბადეების ხმარება უნდა გაიზრდოს მკვეთრად. 28-30% ძალიან ცოტაა. პირბადე უნივერსალურია, ის ნამდვილად იცავს ომიკრონისგანაც. ახლა სანამ ჩვენ მივაღწევთ ვაქცინაციით საყოველთაო მოცვას, რასაც დასჭირდება 2-3 თვე, მანამდე პირბადეები ჩვენი გადარჩენის მთავარი საშუალებაა", - თქვა ცერცვაძემ.
საქართველოში ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.
კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.
ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.