თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსიგან სიკვდილის მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა.
როგორც ცერცვაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ხშირად პაციენტები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, სახლში თვითმკურნალობას ამჯობინებენ. ის ამბობს, რომ ასეთი პაციენტები ექიმს ან კლინიკას მხოლოდ მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მიმართავენ.
ცერცვაძემ დაგვიანებული მომართვიანობა ორი მიზეზით ახსნა:
"პაციენტთა 70-80%-ში COVID-19 მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად და ისინი მართლაც არ საჭიროებენ სპეციალურ სამედიცინო დახმარებას/ჰოსპიტალიზაციას. შესაბამისად, სხვა პაციენტებსაც უჩნდებათ ილუზია, რომ ისინიც იოლად გადაიტანენ COVID ინფექციას. მათ ავიწყდებათ, რომ COVID-19 აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება მსუბუქადგადაიტანონ ხანდაზმულმა და თანხმლები დაავადების მქონე პირებმა, მაგრამ შეიძლება მძიმედ და ზოგჯერ ფატალურად განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც და იმ პირებშიც, ვისაც არ აქვს თანმხლები დაავადებები. გარდა ამისა COVID-19 ხშირად იწყება მსუბუქად, მაგრამ ახასიათებს სწრაფი დამძიმება (გასნაკუთრებით მე-6-12 დღეებზე). ცალკე პრობლემაა თრომბოემბოლიური გართულებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაავადების ნებისმიერ ვადაზე", - წერს თენგიზ ცერცვაძე.
მან დაავადების დამძიმების სიმპტომებიც დაასახელა: გამოხატული სუნთქვის უკმარისობა; ტკივილი გულმკერდის არეში, რომლის ინტენსივობაც არ იცვლება მოძრაობისას; ტაქიკარდია > 100; მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს; გონების დაბინდვა, აგზნება, მოუსვენრობა; მკვეთრად გამოხატული ზოგადი სისუსტე და დაღლილობა; ადექვატური რაოდენობით სითხის და საკვების მიღების შეუძლებლობა; ხშირი დიარეა და/ან ღებინება; ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება.
ცნობისთვის, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსისგან 3 159 ადამიანი გარდაიცვალა.