თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართველო "მოდერნას" ან "ასტრაზენეკას" ვაქცინას მიიღებს, ვინაიდან მათი შენახვა უფრო შესაძლებელია, ქვეყნის რესურსებიდან გამომდინარე. ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ ამ ორ ვაქცინას -20°, ან ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურა სჭირდება, ამერიკულ "ფაიზერს" კი -80° ტემპერატურა.
"მე მგონია, "ფაიზერს" ჩვენები არ აიღებენ. ფაიზერი ძალიან კარგია, მაგრამ -80 გრადუსზე უნდა ინახებოდეს. ამის საშუალება მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას აქვს. საქართველოში გვაქვს -80°-იანი მაცივრები, მაგრამ სულ ერთეულები, მაგალითად, ჩემს სამსახურში ორი დგას. მასიურად, განსაკუთრებით რაიონებში -80°-იანი მაცივრები არ არის. "ფაიზერი" ნაკლებად სასურველია ჩვენთვის, უფრო "მოდერნა", მას -20 გრადუსიანი მაცივარი სჭირდება, ან ყველაზე კარგია "ასტრაზენეკა", მას ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახავენ და ეფექტი იგივეა", - განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.
8 დეკემბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, კორონავირუსის ერთ-ერთი დამტკიცებული ვაქცინა გაცხადებულზე უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოიტანონ საქართველოში. მისი განმარტებით, საუბარია, 200-300 ათას დოზაზე, რათა უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია.
გამყრელიძის ცნობით, პირველ ეტაპზე აიცრებიან რიკს ჯგუფები, მიმდინარეობს მათი ჩამოყალიბება, მათ შორის იქნებიან, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლები, ხანდაზმულები.