ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, იქმნება რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი, რომელიც მოამზადებს დასკვნებს, თუ რა არის გასაუმჯობესებელი ან შესაცვლელი ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის თვალსაზრისით.
ცერცვაძის თქმით, ოპერატიული ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება რეანიმატოლოგით, ინფექციონისტით და ადმინისტრატორით, კოვიდ კლინიკებთან მუდმივი კომუნიკაციაში იქნება.
ჟურნალისტის კითხვაზე - ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების მიზეზად გამორიცხავს თუ არა არასათანადო მკურნალობას, ცერცვაძე ასე პასუხობს:
"დღეისთვის ჩემ ხელთ არსებული მონაცემებით რაიმე სერიოზული შეცდომები და გადაცდომები, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი, არ დაფიქსირებულა, მაგრამ კატეგორიულად ვერ გამოვრიცხავ. ეს 4-5 ოპერატიული ჯგუფი სწორედ იმიტომ იქმნება, რომ ადგილზე შეაფასოს ეს სიტუაცია - მართლა ყველა შემთხვევაში სასიკვდილო გამოსავალი იყო გარდაუვალი და ამას წინ ვერავინ აღუდგებოდა, ღმერთიც ვერ გადაარჩენდა, თუ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაფერი ოპტიმალურად არ გაკეთდა, შეიძლებოდა, რაღაც სხვანაირად გაკეთებულიყო და პაციენტი გადარჩენილიყო.
ამაზე პასუხი გვექნება დაახლოებით 1 კვირაში, 10 დღეში და არამხოლოდ პასუხი იქნება, არამედ რაც საჭირო იქნება, დაკორექტირდება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 8 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 93 პაციენტს შეადგენს.