logo
ENG



ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს 2 წევრის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

28 დეკ 202121:12
3 წუთის საკითხავი
clock 964
ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს 2 წევრის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს 2 წევრის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. 

შესაბამისი განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა. 

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 11 იანვარია. 

ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ვადა 2022 წლის თებერვალში გასდის. 

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებისა  და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება.

ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

*** 

2021 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესის ცვლილებას. 

საქმე პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც, ახლებურად განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესი.

საკანონმდებლო ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. 

მისი განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებებით: 

  • პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით ან სრული შემადგენლობით ირჩევს ცესკოს წესსა და ცესკოს თავმჯდომარეს. 
  • პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
  • არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
  • თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.
  • თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს.
  • თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც რამდენიმე თვის წინ, 2021 წლის 28 ივნისს დამტკიცდა, ნათქვამია, რომ "თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე".

სწორედ ამ კანონმდებლობის საფუძველზე დაინიშნა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ 2021 წლის 2 აგვისტოს, 6 თვის ვადით. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, "ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესით აგვისტოში გამართულმა კენჭისყრებმა და იმ დროს მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ცხადყო, რომ კენჭისყრის ზემოხსენებულმა წესმა კანდიდატების საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, კონსენსუსით არჩევის წახალისება ვერ უზრუნველყო". 

პაპუაშვილისვე განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს წევრებს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის თებერვალში ამოეწურებათ. 

"ამ პირობებში შესაძლებელია, რომ ცესკომ პარლამენტის 2022 წლის შუალედური არჩევნები დანიშნოს და მთელი რიგი საარჩევნო ღონისძიებები განახორციელოს თავმჯდომარისა და ცალკეულ პროფესიულ წევრთა არარსებობის პირობებში, რაც არ არის მიზანშეწონილი და არღვევს ცესკოს, როგორც ინსტიტუტის, ჯეროვანი ფუნქციონირების უწყვეტობის პრინციპს.

სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა". - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა. 

რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. 


close დახურვა