logo
ENG



ცესკოს ყოფილი თანამშრომელი: გაყალბების ამაზე მაღალი დონე აღარ არსებობს

06 ნოე 202017:33
3 წუთის საკითხავი
 

ცესკოს უკვე ყოფილი თანამშრომელი, ვანო ბურდული ყვება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე იმდენად ბევრი ბიულეტენი გაყალბდა და იმდენად მასიური სახე ჰქონდა ე.წ. კარუსელს, რომ შეუძლებელი გახდა მათი შესწორება. ფორმულასთან საუბარში ბურდული კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ამ ყველაფერს სისტემური სახე ჰქონდა.

"როდესაც 1-2 ბიულეტინია სხვაობა, ნათლად ჩანს, რომ ადამიანური მომენტია. ამ შემთხვევაში იყო ძალიან ბევრი, იყო გასასწორებელი და ვერ გაართვა თავი საუბნო საარჩევნო კომისიამ. [...]

პირდაპირ, მექანიკურად იყო ჩაწერილი გაურკვეველი რიცხვები. გაყალბების ამაზე მაღალი დონე აღარ არსებობს", - ამბობს ვანო ბურდული და აღნიშნავს იმასაც, რომ კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გაყალბებას არც შიდა წრეებში არ აღიარებს. 

მანვე თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია, იყო თუ არა ეს კონკრეტული დავალება, თუმცა ამას "მასიური სახე ჰქონდა". ვანო ბურდული მომხდარში პოლიტიკურ ინტერესს ხედავს.

დღეს, 6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, ვანო ბურდულმა თანამდებობა დატოვა

მან შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა კომისიის ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კი გაავრცელა განცხადების ასლი წარწერით: "მშვიდობით ცესკო...". 

31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 307 საჩივარი წარადგინეს. თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს სავსებით შესაძლებელია გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით კი, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჯამში, 170 დარღვევა დააფიქსირეს და 46 საჩივარი დაწერეს.


close დახურვა