ხვალინდელი სატრანსპორტო აკრძალვების შესახებ ტელეეთერებიდან გაიგეს მძღოლებმა, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე ცხოვრობენ. მათი ოჯახებისთვის ამ დრომდე უცნობია, მიიტანს თუ არა ერთადერთი მარჩენალი გამომუშავებით ხელფასს სახლში.
მთავრობამ სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა ისე აკრძალა, რომ მხოლოდ გადაწყვეტილების შემდეგ ფიქრობს, შეუნარჩუნდებათ, თუ არა მძღოლებს ანაზღაურება.
ხვალიდან გაცილებით მეტ დატვირთვას მიიღებს მეტრო და ავტობუსები. წესები მათთვისაც იცვლება. ავტობუსებში მძღოლის სივრცე დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებული იქნება, მოქალაქეები კი ტრანსპორტის მხოლოდ უკანა კარით ისარგებლებენ.
პასუხგაუცემელ კითხვებს შორის რჩება ისიც, რა ბედი ელის მგზავრებს რუსთავიდან და ჩაანაცვლებს თუ არა სამარშრუტო ტაქსებს მიკროავტობუსები.
როდემდე დარჩება შეზღუდვები ძალაში, ჯერჯერობით უცნობია. ხელისუფლებამ დღეს მხოლოდ ის განმარტა, რომ გამოწვევების ზრდასთან ერთად გამკაცრდება მიღებული ზომებიც.