„ცისარტყელას ვერავის ვაჩუქებთ", - ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ სასულიერო პირები ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს გამოეხმაურნენ.
როგორც კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, ცისარტყელა კაცობრიობის კუთვნილებაა და ის მხოლოდ ლგბტქ თემს არ ეკუთვნის. მისივე თქმით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება.
„არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგი ისე ლაპარაკობენ, ზოგი ასე. არიან იქ ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილნი, ზოგი კი ბევრ სიკეთეს აკეთებენ და ეკლესიასაც ეხმარებიან. რაც შეეხება ცისარტყელას - ეს არის საყოველთაო კუთვნილება, მისი ფერები ეკუთვნის ყველას. ვერ ვაჩუქებთ ცისარტყელას ვერავის ისე, როგორც ვერ ვაჩუქებთ მთვარეს თურქეთს, რომელსაც აქვს გამოსახული დროშაზე მთვარე", - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
შეგახსენებთ, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოს წარმომადგენლები ვარკეთილის, გლდანისა და ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მსვლელობას აწყობენ და მათი თქმით, ქუჩებს აკურთხებენ.