ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში 2025 წლის იანვრამდე თავმჯდომარის არჩევნები არ იქნება.
როგორც ის განმარტავს, ენმ-ის წესდებაში აღნიშნულია, რომ თავმჯდომარე ორი წლით ირჩევა, მოქმედ თავმჯდომარეს კი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე წელიწადზე მეტი რჩება.
"ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ და მხარში ედგნენ და შტაბში იყვნენ ჩართული ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კანდიდატი ამდენი თვე კამპანიურ რეჟიმში დარჩა და ლევან ხაბეიშვილს ებრძვის იმის მაგივრად, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გააჩაღოს პოლიტიკური ბრძოლა. არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე. სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით, ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა ორი წლით. ეს ორი წელი გადის მომავალ წელს 13-14 თვე დარჩა იქამდე"- ამბობს ცისკარიშვილი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი რამდენიმე საკრებულოდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს. განცხადებები გაავრცელეს ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის ფრაქციების წევრებმა.
დღეს, 28 ნოემბერს განცხადება გააკეთა ენმ-ის წევრმა, გიორგი მუმლაძემაც, რომელმაც თქვა, რომ " ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა".