logo
ENG



ცუცქირიძე: ხვალ ვგეგმავთ, მოვაწყოთ დიდი დემოკრატიული წარმომადგენლობითი სამოქალაქო შეკრება

08 აპრ 202418:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/08/40w5uag0g7qvxni.png

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორის, ლევან ცუცქირიძის თქმით, ხვალ რუსულ კანონთან დაკავშირებით იგეგმება დემოკრატიული წარმომადგენლობითი სამოქალაქო შეკრება, სადაც მიწვეული იქნება მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

ეს მან ფორმულას ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც განსხვავებების მიუხედავად, ყველა უნდა გაერთიანდეს.

ცუცქირიძის თქმით, ხვალ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დღის ბოლოს გავრცელდება.

"ახლა აღარაა დრო "მე ამასთან არ დავდგები", " მე იმას არ დაველაპარაკები". "მე იმან შარშან მაწყენინა და სამაგიერო უნდა გადავუხადო". ახლა არის იმის დრო, რომ ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ყველა გავერთიანდეთ ამ ავანტიურის წინაშე, რაც დღეს საქართველოში კეთდება. დღეს გვაქვს ეგზისტენციალური, სასიცოცხლო საფრთხე ემუქრება ქართულ დემოკრატიას და მის ევროპულ მომავალს.

ჩვენ ხვალვე ვგეგმავთ უკვე, რომ მოვაწყოთ დიდი დემოკრატიული წარმომადგენლობითი სამოქალაქო შეკრება და ვეპატიჟებით ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს. გავავრცელებთ დღესვე მოგვიანებით, რომ ჩვენ დავსხდეთ მრგვალი მაგიდის გარშემო და გადავწყვიტოთ, როგორ ვიცავთ საქართველოს თავისუფლებას"- თქვა ცუცქირიძემ.

პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიცირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ). კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე პარასკევს, 12 აპრილს დაიწყება. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

ბიუროს სხდომა დღეს პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ჟურნალისტები არ შეუშვეს. 

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა