ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იპოდრომის თემაზე ოპოზიციური პარტიების განცხადებებს კონტრპროდუქტიულს უწოდებს.
როგორც ცქიტიშვილი ამბობს, იპოდრომი არის საჩუქარი, რომელიც ივანიშვილს შეიძლება არ განეხორციელებინა, თუმცა ეს სწორედ მისი და მისი ოჯახის ხელწერაა.
"ეს ყველა ბრალდება არის ძალიან კონტრპროდუქტიული, იმიტომ, რომ ადამიანები ხედავენ რეალურად წვლილს, რომელსაც დაახლოებით 30 წელია ქართუ ფონდი და ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი, ახორციელებს.
ეს არის საჩუქარი, რომელიც მას შეიძლება არ განეხორციელებინა. მსოფლიოში ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანია, რომელიც ასეთი მასშტაბის ქველმოქმედებას არ მისდევს. ეს არის სწორედ მისი ოჯახის ხელწერა, მისი ხელწერა, რომელიც წლების განმავლობაში მიმართულია საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვაზე", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქს იპოდრომის მხოლოდ ის ნაწილი გადასცა, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამოგებიანია.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, 5 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ფონდი ქართუ თბილისის მუნიციპალიტეტს "უსასყიდლოდ გადასცემს" ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიაზაციებში მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ეს ნაბიჯი ამომრჩევლის მოსყიდვას ისახავს მიზნად.
დღეს, 6 ოქტომბერს კალაძემ პარკის პროექტის პრეზენტაციაც გამართა და თქვა, რომ მისი მოწყობა უახლოეს რამდენიმე დღეში დაიწყება.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია კი პარტიებმა ოფიციალურად 31 აგვისტოს დაიწყეს.