logo
ENG



ცქიტიშვილი: პარტიის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მისი როლის ბუნებრივი გაგრძელებაა

11 იან 202117:44
3 წუთის საკითხავი
clock 978
ცქიტიშვილი: პარტიის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მისი როლის ბუნებრივი გაგრძელებაა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის წარდგენა მისთვის გასაგები და ბუნებრივია. პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ მანვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში, კონსულტაციების შედეგად მიიღეს. 

"ირაკლი კობახიძის არჩევა ამ პოზიციაზე ჩემთვის იყო ბუნებრივი გაგრძელება მისი როლის, პარტიის ინსტიტუციური მოწყობისა და მშენებლობის პროცესში. თუმცა ბევრი სხვა ალტერნატიული, ღირსეული კანდიდატებიც არიან", - თქვა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის კითხის პასუხად, განიხილებოდა თუ არა ამ პოსტზე პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე. 

ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.

ამის შესახებ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კობახიძის კანდიდატურას კენჭს შაბათს, 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე უყრიან.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.

ირაკლი კობახიძე ამ დრომდე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა მას 2019 წლის 21 ივნისს მოუწია, 20 ივნისის დარბევისა და ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა.

 


close დახურვა