საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ცხინვალში შექმნილი ვითარების ესკალაცია.
"პრეზიდენტმა მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა მუდმივად და სწრაფად უარესდება, სისტემატურად და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, ხშირია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო საპატიმროებში ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები, ასევე, სისტემატურ ხასიათს ატარებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე- ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში ბრალდებული, ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს შემოაკვდათ. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა. მომხდარის გამო, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. დემონსტრაცია გაიმართა თავად ბიბილოვის გადადგომის მოთხოვნითაც.